სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2010 წლის იანვარ-მაისში მის წილად ექსპორტის 17 პროცენტი მოდიოდა და 103 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ხუთ თვეში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 71 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 12 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე შავი ლითონების ჯართი დარჩა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 23 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა და 49 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2434 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია; "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის ხუთ თვეში ექსპორტმა 608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 49 %-ითაა გაზრდილი. შედარებით დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი იმპორტი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვარ-მაისში იმპორტმა 1827 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 14 პროცენტით მეტია.