სახელმწიფო კანცელარიასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული აქცია "ნუ დადგები ძალადობის მხარეს!" დასრულდა.
აქციაზე ლგბტი თემის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარ პრობლემებზე, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და ხელისუფლებას სხვადასხვა ძალადობის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.
"ახლა კი იმიტომ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული იზრდება, სახელმწიფოს კი არ აქვს მრავალმხრივი მიდგომა დანაშაულთან საბრძოლველად, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, გამოიძიე! გამოიძიე! ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას და უსაფრთხოებას", - მიმართეს აქციის მონაწილეებმა მთავრობას.
"უნდა მოგვცენ ინტეგრაციის და განვითარების საშუალება ისევე, როგორც სხვებს აქვთ", - ამბობს აქციის მონაწილე.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეებს მიმდინარეობის მანძილზე პოლიციის კორდონი იცავდა. სასულიერი პირები და მრევლის ნაწილი ცდილობდნენ, შესულიყვნენ კანცელარიის ტერიტორიაზე, თუმცა, პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა.
შეგახსენებეთ, 17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.