თბილისში წლის ბოლომდე 10-მდე მეტროსადგური შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია სპეციალური რკინის კონსტრუქციის შემოტანა, რომლითაც ეტლით მოსარგებლე ესკალატორზე გადაადგილებას შეძლებს.
მამუკა მუმლაძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის დეტალების დახვეწა,მეტროსადგურების შერჩევა და დაფინანსების მოძიება. პროცესი სავარაუდოდ 2 კვირაში დასრულდება და დაიწყება მუშაობა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული წინადადება, აპრობირებულია ევროპის ქვეყნებშიც.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ რიგში რკინის კონსტრუქცია ისეთ მეტროსადგურებში დამონტაჟდება, სადაც არაა კიბე და მგზავრი ესკალატორთან მისვლას პირდაპირ ახერხებს. მეორე ეტაპზე კი დაგეგმილია ესკალატორთან მისასვლელ კიბეზე სპეციალური დანადგარის დამონტაჟება, რომელიც ეტლით მოსარგებლეს ესკალატორამდე ჩაიყვანს, შემდეგ კი რკინის კონსტრუქციითა და ერთი პირის დახმარებით მგზავრი მატარებლის ბაქანთან მისვლას შეძლებს.
“პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, სადგურის მოედნის, თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის ერთმანეთთან დაკავშირება. ეტაპობრივად რკინის კონსტრუქციებს ყველა მეტროსადგურში შევიტანთ”,- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.