ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით ონოფრიშვილი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს იწუნებს. როგორც დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე "ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატების" ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა და დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადეს, ახალი პროექტით საგადასახადო და საბაჟო კოდექსების მექანიკური შერწყმა ხდება, რაც ლიბერალიზმის აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
დავით ონოფრიშვილი ხაზს უსვამს, რომ შერწყმულ პროექტში პრინციპების 95% იგივე რჩება და ცვლილებები ძირითადად მხოლოდ გადასახადების ზრდას და ამას გარდა, გარკვეული კორუფციული გარიგებების გაჩენის შესაძლებლობას ეხება.
ონოფრიშვილი ხელისუფლებას დაპირებების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, არსებული კანონმდებლობით, საშემოსავლო გადასახადი ეტაპობრივად უნდა დაკლებულიყო და 2012 წლისთვის ის უკვე 15%-მდე უნდა შემცირებულიყო. ახალი პროექტით კი, საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთი 2013 წლამდე შენარჩუნდება. ასევე, 2011 წელს დივიდენდის დაბეგვრა იზრდება 3-დან 5%-მდე, ხოლო მისი გაუქმება, ნაცვლად 2012 წლისა, მხოლოდ 2014 წელს არის შემოთავაზებული. ასევე 2011 წლიდან 2014 წლამდე კვლავ შემოთავაზებულია პროცენტის დაბეგვრა 5%-ით - მათ შორის ბანკებში ანაბრების.
ონოფრიშვილი მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ახალი საგადასახდო კოდექსით მისი ორმაგად ინტერპრეტირების და ორმაგად წაკითხვის შესაძლებლობა არ ისპობა და ამას აღიარებენ ექსპერტებიც და აუდიტორებიც.