აფხაზური საზღვარგარეთის პასპორტების ბლანკების პირველი პარტია უკვე დამზადდა რუსეთის "გოსზნაკში" და უახლოეს მომავალში იგი აფხაზეთში ჩამოვა. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო-სავიზო სამსახურის უფროსმა ვალერი მალიამ გააკეთა, თუმცა არ დააკონკრეტა თუ რა რაოდენობის ბლანკებს ჩამოიტანენ სოხუმში.
მალია ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთის ე.წ. საპასპორტო-სავიზო სამსახური მზადაა "აფხაზეთის მოქალაქის ახალი საზღვარგარეთის პასპორტების დარიგებას შეუდგეს", თუმცა ეს პროცესი, რომ დაიწყოს, მალია აცხადებს, რომ საჭიროა ახალი სპეციალური კომპიუტერული ბაზა, რომელსაც ახლა კრასნოდარელი პროგრამისტები ამუშავებენ.
ვალერი მალია ასევე აცხადებს, რომ პასპორტების გაცემის დაწყება უკვე ივნისის ბოლოსათვის იქნება შესაძლებელი.
"მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას ველოდებით, რომელმაც პასპორტების ახალი ნიმუშები უნდა დაამტკიცოს, დაადგინოს მათი საფასური და მოქმედების ვადა. მიმაჩნია, რომ იგი არ იქნება შიდა პასპორტის ბლანკზე უფრო ძვირი", _ განაცხადა მალიამ.
მისივე ინფორმაციით, ე.წ. ახალი პასპორტები უპირველეს ყოვლისა აფხაზ სტუდენტებს დაურიგდებათ, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში სწავლობენ. ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებათ მკურნალობა რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში.
მალიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ახალი პასპორტების აღება მხოლოდ მათ შეეძლებათ, ვისაც აფხაზეთის შიდა პასპორტები აქვთ.