„ჩვენ ამოცანაა, რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ დაანონსებული მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის“,-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლის, დიმიტრი სანაკოევის განცხადება პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა, რომ ქართული მხარე ბორდერიზაციას ხელს შეუშლის.
"ქართული მხარის წარმომადგენლებმა შეფასებები გააკეთეს. ჩვენ ამოცანაა, რომ ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ დაანონსებული მორიგი პროვოკაციის პრევენციისთვის. კომუნიკაცია გვაქვს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათ შორის, მომდევნო კვირას, თბილისში, ჟენევის თანათავმჯდომარეების ვიზიტი იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ მსგავსი ფაქტის პრევენცია მოვახდინოთ. 2009 წლიდან მოყოლებული პერიოდულად გარკვეული ბარიკადების და დამაბრკოლებელი მონაკვეთების მშენებლობა ხდება. ცალსახად მიუღებელია და ჩვენი მიზანია, ყველა ამ მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადების და მავთულხლართების დემონტაჟი მოხდეს. ეს რეგიონში არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის ქმნის სერიოზულ რისკებს, არამედ ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ძალიან ბევრ დაბრკოლებას და პრობლემას უქმნის, რაც პირველ რიგში, საკუთარ - სამეურნეო მიწებზე, საძოვრებზე წვდომაში გამოიხატება. ეს ის საკითხია, სადაც ქართული მხარის პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთიანია იმ ფონზე, როცა ამერიკისა და გერმანიის კანცლერის მხრიდან ძალიან მკაფიო განცხადებები იყო. ამ ფონზე, მსგავსი განცხადებები ძალიან პროვოკაციულად აღიქმება. ყველა ზომას მივიღებთ, რომ ამის პრევენცია მოხდეს", - განაცხდა ციხელაშვილმა.