ოკუპანტებმა ანჯაფარიძეების ოჯახის კიდევ ერთი წევრი მოკლეს. მალხაზ ანჯაფარიძე გალის იზოლატორში წამებას ემსხვერპლა.
ოკუპანტთა დაჯგუფება ანჯაფარიძეების ოჯახს თავს გუშინ დაესხა. ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა რუსლან პაპბამ სამსაათიანი წამების შემდეგ ცემით მოკლა გოგიტა ანჯაფარიძე მისი ბიძაშვილი კი ვეფხია ანჯაფარიძე უმძიმეს მდგომარეობაში აგუძერის საავადმყოფოშია გადაყვანილი. იგი უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ოკუპანტები ანჯაფარიძეებისგან სოფელ რეფის გამგებლის დიმიტრი კაციას მკვლელობის აღიარებას ითხოვდნენ. ფაქტის დამალვის მიზნით ოკუპანტებმა ოჯახის დანარჩენი წევრები სოფლიდან გაიტაცეს და ისინი გალის პოლიციაში ჰყავთ დატყვევებული.
"დღეს ხანგრძლივი წამების შემდეგ მოკლული იქნა მეორე ძმა ანჯაფარიძე, თუმცა ამის შესახებ სეპარატისტები უმალავენ მათ ახლობლებს და ნათესავებს და მოუწოდებენ თანამშრომლობისაკენ. გარდაცვლილთა ცხედრები გადატანილია პროზექტურაში", _ აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა.