ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ელექტოენერგიის გარეშეა დარჩენილი. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ამის მიზეზი ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდაი ავარია გახდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მოქმედი გაერთიანება "ენერგეტიკას" გენდირექტორი ალან გაბარაევი აცხადებს, რომ ჯავის რაიონში სატვირთო ავტომობილი ლითონის საბჯენს დაეჯახა, რამაც ავარია გამოიწვია. მისივე თქმით, სარემონტო ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დილიდან გავიდნენ.
"ჯერ ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, იმის გამო, რომ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა ძალიან დიდია, თუმცა არის იმედი, რომ ყოველივე უკვე ამ საღამოსათვის გამოსწორდება", _ განაცხადა გაბარაევმა.
ოსური მედია ასევე აღნიშნავს, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც ლითონის საბჯენს დაეჯახა არ დაზარალებულა.