"მწვანეთა პარტია" გარემოს დაცვის სამინისტროს მოსალოდნელ გაუქმებას აპროტესტებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქართველოს მწვანეთა პარტიის" გენერალურმა მდივანმა, გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, ახალი სამთავრობო ცვლილებების შედეგად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის და დეპარტამენტის სტატუსს იძენს, რაც დაუშვებელია.
გაჩეჩილაძის მტკიცებით, ამ საკითხს ბენდუქიძის კადრი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ვატო ლეჟავა ლობირებს.
"კახა ბენდუქიძის განუხორციელებელი გეგმის ხორცშესხმისათვის ახალი გზები გამოიძებნა. იმისათვის რომ, მარტივად გაიყიდოს საქართველოს წიაღისეული, ტყეები, მდინარეები და უამრავი სხვა რამ, აუცილებელია გარემოს დაცვითი სტრუქტურა ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარებოდეს. სხვა შემთხვევაში ბენდუქიძის იდეები ვერ განხორციელდება. მოსალოდნელი ქმედება ყოველგვარ კონსტიტუციურ ზღვარს სცდება და ინიციატორთა რეალურ მიზნებს ხდის ფარდას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი", _ აღნიშნა გაჩეჩილაძე.
"მწვანეთა პარტია" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მსგავსი ნაბიჯი არ გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია სამინისტროს გაუქმებას სასამართლოში გაასაჩივრებს და საქმეში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩართავს.