ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე კომპანია "ფოქს ინტერნეიშენელისა" და "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" ბიზნესდეველოპმენტის ხელმძღვანელს მეთიუ მორგანს შეხვედრა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავა და ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის უფროსი ზაალ აბაზაძე დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმების და სარეკლამო საიმიჯო რგოლების მომზადების და შემდგომ მათ მთელ მსოფლიოში პოპულარულ ამ სატელევიზიო არხებზე გაშვების საკითხს.
მეთიუ მორგანი საქართველოში კომპანია "მსოფლიო ღვინის კიდობანი"-ს მოწვევით იმყოფება. მისი მიზანია ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, საინვესტიციო პროექტების, აგროკულტურის, მეღვინეობის, ტურიზმის, კულტურის, ისტორიის, მეწარმეებისა და არსებული ბიზნესგარემოს გაცნობა, რაც შემდგომ საფუძვლად დაედება სატელევიზიო ფილმების მომზადებას.
როგორც მეთიუ მორგანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საქართველოში მისი ვიზიტი წარმატებული იქნება. "საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ის მესიჯი, რაც თქვენი ქვეყნის შესახებ მსოფლიოს მიეწოდა, ქართულ კულტურას, ღვინოს, ძველ ტრადიციებს შეეხება", - აღნიშნა მან.
ალავიძის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის შემდგომ 1,5-2 თვის განმავლობაში მეთიუ მორგანის გუნდი ქართულ მხარეს კონკრეტულ წინადადებებს შესთავაზებს, თუ როგორ გახდეს საქართველო ამ სატელევიზიო არხების საშუალებით უფრო ცნობადი, მათ შორის როგორც მეღვინეობის, ასევე უძველესი კულტურის და თანამედროვე დემოკრატიის ქვეყანა.
მორგანის საქართველოში ვიზიტი 24 ივნისამდე გაგრძელდება. ამ დღეების განმავლობაში "ფოქს ინტერნეიშენელისა" და "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" ბიზნესდეველოპმენტის ხელმძღვანელი მცხეთასა და კახეთს ეწვევა.