საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს გახსნის გამო და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ დაგმოს რუსეთის ფედერაციის ე.წ. “პრივილეგირებული ინტერესების პოლიტიკა”.
“უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომადგენლობის ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანხმობიით. სხვა შემთხვევაში, ასეთი ქმედება წარმოადგენს, როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. რუსეთის ფედერაციის მცდელობები საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციით მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი ყოფნის ლეგალიზაცია ეწინაღმდეგება 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და ასევე, საერთაშორისო სამართლის ძირეულ პრინციპებს."- ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას ნებისმიერი საკითხის დიპლომატიურ სივრცეში განხილვისათვის და მოუწოდებს რუსეთის მხარეს კონსტრუქციული დიალოგისაკენ.
დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩადის. ლავროვი აფხაზეთში ორი დღე დარჩება და შეხვდება ე. წ. პრეზიდენტს და ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე გახსნის რუსეთის "საელჩოს" ახალ შენობას.