დღეს, 22 ივნისს, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე სტიქიისგან შექმნილი ვითარების ადგილზე გასაცნობად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი გაემგზავრება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი განცხადებით, ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვნად დაზარალდა. ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 141 კმ-ზე ადიდებულმა მდინარე ბდღვიორამ წაიღო საავტომობილო ხიდი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაო უმოკლეს დროში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია საგანგებო კომისია, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.