გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა გოგა ხაჩიძემ უცხოური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გარემოსდაცვით საქმიანობაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"ეს ურთიერთობა ფართოვდება და იხვეწება. გვემატება გამოცდილება, რაც, თავის მხრივ, გვიჩენს მეტის და უკეთესად კეთების ამბიციას. თქვენი თანადგომა საჭიროა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად ვაქციოთ საქართველოში. კარგად ვაანალიზებთ, რომ გარემოს დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. გვაქვს უნიკალური ბუნება, რაც გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. სწორედ ეს გახდა ჩვენი სლოგანიც - "გონივრულად გარემოსთან", _ განაცხადა მან შეხვედრაზე.
ხაჩიძის განცხადებით, გარემოს დაცვა ყველაზე ინტერსექტორული სფეროა.
"მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უფრო კოორდინირებული გახდეს ჩვენი თანამშრომლობა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ჩვენსა და თქვენს შორის ურთიერთობას, არამედ კოორდინაციას ქვეყნის შიგნით არსებულ იმ ინსტიტუტებს შორისაც, რომლებიც ჩართულნი არიან გარემოსდაცვით საქმიანობაში. ჩვენმა კოორდინირებულმა თანამშრომლობამ უნდა შექმნას კომფორტული და მეგობრული გარემო ქვეყანაში საინვესტიციო პროგრამების განსახორციელებლად. გარემოსდაცვითი კუთხით წარმატებულ თანამშრომლობას შეუძლია უდიდესი დადებითი როლი შეასრულოს არა მარტო ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის განვითარებაში. ჩვენი მხრიდან გთავაზობთ ორი ტიპის თანამშრომლობას: ზოგადს - რაც გულისხმობს წელიწადში ორჯერ შეხვედრის გამართვას და სექტორულს - რომელიც ორ-სამ თვეში ერთხელ გაიმართება სფეროების მიხედვით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში კი - უფრო ხშირად. მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტროსა და პირადად ჩემი მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება თანამშრომლობა ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის, რაც საბოლოოდ თავის წვლილს შეიტანს ეროვნული პრიორიტეტების წარმატებით განხორციელებაში", - განაცხადა შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.
ხაჩიძემ დონორებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და სამინსტროს სხვადასხვა სფეროში არსებულ მიღწევები გააცნო.
"გარემოს დაცვის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც მოიცავს 20 მილიონ ევროზე მეტს. ეს თანხა მიმართულია ნარჩენების ეფექტურად მართვის და ეროვნული გარემოსდაცვითი პოლიტიკის განსახორციელებლად. ჩვენთვის გარემოს დაცვა არის პრიორიტეტი და მომავლაში ვგეგმავთ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას", - -განუცხადა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პერ გორან ეკლუნდმა.