იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ქვეპროექტის `დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში~ პრეზენტაცია გაიმართა.
ქვეპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი კონცეფციის მომზადებას საქართველოში მისამართების რეესტრის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის `ქმედითუნარიანობის გაზრდის ფონდი~ მხარდაჭერით განახორციელებს. პროექტის მთავარი დონორია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA).
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ჯაბა ებანოიძის განცხადებით, `მისამართების საკითხთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებებს სხვადასხვა პრობლემები და საჭიროებები გააჩნიათ. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება, საჯარო დაწესებულებების საჭიროებების დადგენა მისამართების სისტემასთან მიმართებაში, საერთო ანალიზის გაკეთება და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება~.
`მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმოდგენები არსებობს პრობლემის მოგვარების გზების შესახებ, ამ სფეროში არსებული პრობლემის ცოდნა მაინც ფრაგმენტულია, გაბნეულია სხვადასხვა დაწესებულებაში და საჭიროა მისი კომპლექსური გააზრება და ერთიანი კონცეფციის მომზადება~, - განაცხადა პრეზენტაციაზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ინიტა პაულოვიჩამ აღნიშნა: `ჩვენ დიდი ხანია ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ სამოქალაქო რეესტრთან და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ერთობლივი პროექტიც წარმატებული იქნება~.
მისამართების რეესტრის კონცეფცია შემუშავდება ყველა საჯარო დაწესებულების საჭიროების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს დაწესებულებებს შორის შეთანხმების მიღწევას ყველა პრობლემის მოგვარების გზებზე, რაც ამ სფეროში არსებობს.
პროექტი მიზნად ისახავს, განისაზღვროს ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისამართების რეესტრის წარმოებაზე და დადგინდეს სხვადასხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის სისტემა.