საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ე. წ. რეფერენდუმს გმობს.
"საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი არჩევნები და რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
საოკუპაციო ძალის პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის, სამხედრო ინტერვენციის და ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.
ე. წ. რეფერენდუმი მიზნად ისახავს ანექსიისთვის საფუძველის მომზადებას. ეს განზრახვა დასტურდება ე. წ. შეთანხმებითაც, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს.
რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს სამშვიდობო ძალისხმევას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს უკანონოდ მიმდინარე ე. წ. არჩევნებს და რეფერენდუმს და მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.