21 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოადგენს ანა (ლიანა) მიქიანის ნამუშევრების გამოფენას - "ლითონში გაცოცხლებული საქართველო".
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ანა მიქიანი ლითონპლასტიკის მხატვრობაში განსხვავებული მიმდინარეობით, ჟანრითა და თემითაა წარმოდგენილი. სამი თემის - მითოლოგიის, ლირიზმისა და ხატწერის - ფარგლებში მხატვარი ახდენს მის მიერ დასახული სახვითი პრობლემების განხორციელებას.
"ჭედურ ხელოვნებაში პრიორიტეტი მამაკაცებს ეკუთვნის, რადგან ლითონზე მუშაობა მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ტიტანურ შრომას და ენერგიას. ანა მიქიანი ერთადერთი მჭედელი ქალი იყო, რომელიც არაჩვეულებრივად ართმევდა თავს ამ მძიმე სამუშაოს. ძირითადად მისი ნამუშევრები ორი სახისაა - რელიგიური და მითოლოგიური. იგი ასევე მუშაობდა ტიხრულ მინანქარზე. ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ტრიპტიხი, სამების საკათედრო ტაძრის შესასვლელი კარიბჭე, სახარების ყდა. პატრიარქის მიერ დაწერილი სამების ხატის პერანგი და ტიხრული მინანქრით შესრულებული მინიატურები. მითოლოგიური თემიდან - დალი და მიჯაჭვული ამირანი", _ აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
გამოფენა ეძღვნება ანა მიქიანის გარდაცვალების დღეს. გამოფენა გასტანს 30 ივნისამდე.