აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომლებიც ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო სექტორებს, ასევე ამ სფეროებთან დაკავშირებულ უცხოურ მომწოდებლებს შეეხო. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა. იუწყება Reuters
სანქციების სამიზნე გახდა ირანის ორი უმსხვილესი ავტომწარმოებელი - Iran Khodro Company (IKCO) და SAIPA Iranian Automobile Manufacturing Company. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ეს ორი კომპანია ირანის სამგზავრო ავტომობილების შიდა ბაზრის 90%-ზე მეტს აკონტროლებს და წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონ ავტომობილს აწარმოებს.
შეზღუდვები ასევე დაუწესდა ირანის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიას, Raja Passenger Trains Company-ს და კერძო სატვირთო სარკინიგზო კომპანიას Railway Transportation Company-ს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხო ასევე ინდონეზიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთსა და ჰონგ-კონგში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ირანის საავტომობილო სექტორს სათადარიგო ნაწილებითა და სხვა პროდუქციით ამარაგებდნენ.
ვაშინგტონის ცნობით, ახალი ზომები Operation Economic Outcast-ის ფარგლებში დაწესდა - კამპანიის, რომლის მიზანი აშშ ირანისთვის შემოსავლების წყაროების შეზღუდვასა და სანქციების გვერდის ავლის ქსელების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
Reuters-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები ირანისთვის ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით დაწესდა. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს ირანის ეკონომიკური და ლოგისტიკური შესაძლებლობების შეზღუდვას, მათ შორის იმ სექტორებში, რომლებიც ნავთობის გარდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შემოსავლებსა და სატრანსპორტო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.