აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელისუფლება „დიდხანს ვერ გაძლებს“, თუ „სწორ გადაწყვეტილებას“ არ მიიღებს.
ამის შესახებ ტრამპმა ტეხასში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამ საკითხს ასე თუ ისე გადავწყვეტთ. ან ისინი სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ან უბრალოდ დიდხანს ვერ გაძლებენ“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ირანთან საკითხის შესაძლო დარეგულირება შესაძლოა აშშ-ის ნოემბრის შუალედური არჩევნებიდან მალევე მოხდეს ან არჩევნებამდე.
ტრამპმა ასევე გაიხსენა, რომ აშშ-მა და ისრაელმა მანამდე ირანის არაერთი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოახდინეს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ირანის მოქმედი პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, გაურკვეველი იქნება, ვისთან უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები.
„ჩვენ ვცდილობთ, კარგად მოვექცეთ მათ ამჟამინდელ პრეზიდენტს“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში აშშ-ის სამხედრო მოქმედებები შესაძლოა შუალედური არჩევნების შემდეგ განახლდეს.