ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, "ვეფხისტყაოსნის~ ტრადიციული საჯარო კითხვა მოეწყო. ღონისძიება 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ვეფხისტყაოსანი~ თავიდან ბოლომდე წაიკითხეს.
მარათონში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ მსურველს. ღონისძიება გახსნეს თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, რუსთველოლოგმა მანანა სულაბერიძემ. გიორგი ხუბუას თქმით, ყოველდღიურ ყოფით ურთიერთობაში უნდა გვახსოვდეს "ვეფხისტყაოსანი~, რადგან იმ ფასეულობების მემკვიდრეები ვართ, რაც ნაწარმოებშია მოცემული.
"ქართული კულტურა ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და ძლიერი ხასიათით, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წიაღში ვერ აღმოცენდებოდა შოთა რუსთაველის გენიალური ნაწარმოები", _ განაცხადა მან.
"ვეფხისტყაოსნის~ კითხვა დაიწყო მანანა სულაბერიძემ, რომელმაც ზეპირად იცის მთელი პოემა. მარათონში მონაწილეობდნენ სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, დამსვენებლები, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრები. წლევანდელი ღონისძიების დევიზი იყო: "ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.~
"ვეფხისტყაოსნის~ კითხვის დღე ყოველწლიურად იმართება. ამ ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა შვიდი წლის წინ ჩაუყარეს. წინა წლებში "ვეფხისტყაოსნის~ საჯარო კითხვა თბილისში, სენაკსა და თამარაშენში გაიმართა.