"16-თეთრიან "ბანს" ბაზარზე კონკურენტი გამოუჩნდა. დღეიდან "ბილაინმა" მომხმარებელს ახალი სატარიფო გეგმა "Fresh"-ი შესთავაზა, რომლის საშუალებითაც "ბილაინისა" და სხვა მობილურ თუ ფიქსირებულ ოპერატორებთან დარეკვა 9 თეთრადაა შეაძლებელი. "Fresh"-ის აბონენტებისათვის დღის მანძილზე პირველი ორი წუთის ღირებულებ 18 თეთრი, ხოლო დანარჩენი წუთების 9 თეთრია.
ახალ სატარიფო გეგმაზე გადასვლა, "ბილაინის" აბონენტებს აბონენტთა მომსახურეობის ცენტრში მიუსვლელად შეუძლიათ. "Fresh"-ის სასტარტო პაკეტის ღირებულება 1 ლარიდან იწყება, ხოლო თუ აბონენტი 5-ლარიან პაკეტს შეიძენს, მას 3 ლარი ანგარიშზე დაუბრუნდება. 10 ლარიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში კი ანგარიშზე 5 ლარი ბრუნდება.
"ჩვენ მომხმარებელს ოპტომალური სატარიფო გეგმა შევთავაზეთ და სამომავლოდაც უამრავ სიახლეს ვპირდებით. ჩვენ ყოველთვის ვაკვირდებით ბაზრის განვითარებას და ამის გათვალისწინებით მომხმარებლებს სიახლეებს ვთავაზობთ. სხვა კონკურენტებისაგან განსხვავებით სხვა უპირატესობებთან ერთად ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ 9 თეთრად საუბარი და ახალ სატარიფო გეგმაზე გადასვლა ნომრის გამოუცვლელადაა შესაძლებელი", _ განაცხადა "ბილაინის" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.