საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორი თურქეთი გახდა. "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით კაპიტალი თურქმა ინვესტორებმა დააბანდეს, რომელთაც ქვეყანაში 20 მლნ 327 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.
ინვესტიციების შემოტანის კუთხით თურქეთის შემდგომ ლიდერ პოზიციაზე ჩეხეთი გავიდა, რომელმაც ქვეყანაში 19 მლნ 826 ათას დოლარის ინვესტიცია შემოიტანა. ხოლო ეგვიპტე, რომელიც გასულ წელს საქართველოში ინვესტიციების კუთხით ლიდერ პოზიციაზე იდგა იანვარ-მარტის მონაცემებით მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში განხორციელებულმა ეგვიპტურმა ინვესტიციებმა 18 მლნ 24 ათასი დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკური მონაცემების თანახმად 2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 42 %-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით 2010 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 76 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 130 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიციის შემოსვლა დაფიქსირდა.