12 ივნისს, თბილისში ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანიის „დელტას" პირველი ბრენდ მაღაზია გაიხსნება.
„დელტას" ოფიციალური დისტრიბუტორის - კომპანია „ჯეოტექსის" ინფორმაციით, მაღაზია უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში" მეორე სართულზე ამუშავდება და მასში „დელტას" და „დისნეის" ლიცენზიით დამზადებული ბავშვთა და მოზარდთა, ქალისა და მამაკაცის ყოველდღიური ტანსაცმლის, თეთრეულისა და წინდების საზაფხულო კოლექცია იქნება წარმოდგენილი.
„დელტა გალილ ინდასთრი" 35 წლის გამოცდილების მქონე ტანსაცმლისა და თეთრეულის მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საწარმოო და მარკეტინგული ცენტრები განლაგებულია მსოფლიოს 4 კონტინენტზე. კომპანიის ქსელში 10 000 ადამიანია დასაქმებული.
საკუთარი ნაწარმის დისტრიბუციის გარდა, კომპანია პროდუქციას აწვდის მსოფლიოში სახელგანთქმულ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Nike, Calvin Klein, Hugo Boss, Pierre Cardin და სხვა. ამავდროულად, კომპანია ისრაელში ფლობს და ოპერირებას უწევს დელტას ბრენდის ქვეშ მომუშავე 106 მაღაზიას.
„საქართველოში კოლექციები ისრაელიდან შემოვიტანეთ. მაღაზიაში ამ ეტაპზე წარმოდგენილია 300 სხვადასხვა მოდელი. „დელტა გალილ ინდასთრის" პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რადგანაც ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი ბამბისაგან მზადდება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექცია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს დააინტერესებს," - აცხადებს საქართველოში დელტას ოფიციალური დისტრიბუტორი, კომპანია „ჯეოტექსის" დირექტორი თეა ერისთავი.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის განვითარების სტრატეგია უხლოესი 2 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ქსელის გაფართოებას ითვალისწინებს. ბრენდის რამდენიმე მაღაზია უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ რამდენიმე უბანში გაიხსნება, მოგვიანებით კი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.