დღეს, 11 ივნისს, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ფილიპ ლე რუ საქართველოს ეწვევა. მისი ვიზიტის მიზანია, ქვეყნის ლიდერებთან, მთავრობის წევრებთან, განვითარების პარტნიორებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილოს, თუ როგორ შეუძლია ბანკს დაეხმაროს ქვეყანას ეკონომიკურ აღმავლობაში.
"მოხარული ვარ, რომ ვხედავ აღორძინებას ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა დავეხმაროთ ამ ეკონომიკური აღმასვლის საფუძვლების გაძლიერებას და ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილების შექმნას. მსოფლიო ბანკი აფინანსებს პროგრამებს ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. აგრეთვე, ისეთ პროგრამებს, რომლებიც ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ყოველივე ეს მოიცავს მნიშვნელოვან საგზაო სამუშაოს, სოციალურ დანახარჯებს უკიდურესად გაჭირვებულთათვის, წყლისა და მუნიციპალურ მომსახურებას და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და საშუალო სკოლების რეაბილიტაციას", - განაცხადა ფილიპ ლე რუმ.
საქართველოში ყოფნისას ლე რუ მოინახულებს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს: იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებარე მონაკვეთს, პირველადი ჯანდაცვის ობიექტს, ერთიანი შეფასების ცენტრს და ელეკტროენერგიის ცენტრალურ სადისპეტჩეროს (SCADA).
2009 წლის სექტემბერში მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია (CPS) 2010-2013 წლებისათვის დაამტკიცა. აღნიშნული სტრატეგია შემუშავდა ორმაგი კრიზისის - 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე და მიმართულია კონფლიქტის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილი საკითხების გადაწყვეტაზე ახლო ვადებში და ნიადაგის გამყარებაზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა ქვეყანას დაუმტკიცა 290 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი. დღეისათვის საქართველომ მსოფლიო ბანკისაგან 49 პროექტის განსახორციელებლად 1.4 მილიარდამდე აშშ დოლარი მიიღო.
ფილიპ ლე რუ საქართველოს 14 ივნისს დატოვებს.