"სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდის შემდეგ ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის დაჩქარებისთვის დამატებითი თანხები გამოიყოფა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განიცხადა.
მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტის გაზრდილი ხარჯვითი ნაწილი საბ ბლოკად არის დაყოფილი, რომელიც უკვე დაწყებულ პროექტებზე გადანაწილდება. კერძოდ კი დამატებითი თანხები გამოიყოფა სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოების და ზარალის ანაზღაურებისთვის, ასევე სოციალური პროექტებისთვის.
"მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი პირობის, კონპენსაციების და მოხმარებული ელექტრო ენერგიის გადასახადისთვის დამატებით თანხებს გამოვყოფთ. ასევე, დამატებითი თანხების მობილიზება მოხდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტების დაფინანსებისთვის. კერძოდ კი, დამატებითი თანხები უკვე დაწყებული პროექტებისთვის გამოიყოფა, რომლებიც გზების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების გაუმჯობესება, პენიტენციალური სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებ", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
მისვე თქმით, დამატებით თანხები ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის დაჩქარებული ტემპით განხორციელებისთვის და შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროხაზის მშენებლობას მოხმარდება, რომელიც საქართველოს ელექტრო სისტემას თურქეთის ელექტრო სისტემასთან დააკავშირებს.
მინისტრის განმარტებით, შავი ზღვის მაღალი ძაბვის ელექტროხაზის მშენებლობა ჯამში ნახევარი მილიარდი ჯდება, თუმცა ქართული მხარის თანამონაწილეობა 20 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, დანარჩენ თანხას კი დონორი ორგანიზაციები გამოყოფენ.