საქართველოს ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 215 მილიონ ლარამდე გაზრდა ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია.
როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 215 მილიონი ლარით ზრდა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა. კერძოდ კი მინისტრის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე ბიუჯეტი 2% ეკონომიკურ ზრდაზე დაიგემა, თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკის სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილობრივ დაძლევაზე არის დამოკიდებული.
"მსოფლიო კრიზისის ნაწილობრივ დაძლევამ საქართველოს ეკონომიკაზეც პოზიტიური გავლენა მოახდინა და დღეს უკვე ეკონომიკური ზრდა 2%-დან 4.5% -მდე ვზრდით. ამის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლები იზრდება, ასევ ბიუჯეტში დამატებით მოხდა საერთაშორისო დახმარების მობილიზება, გაიზარდა გრანტებით დახმარება, რაც პირველ რიგში საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გულისხმობს", - აღნიშნა ბაინდურაშვილმა.
მისვე თქმით, ხარჯების ზრდის მიუხედავად დეფიციტის შემცირება 7.4%-დან 6.5%-მდე ხდება, გასულ წელს კი ეს რიცხვი 9%-ს აღემატებოდა.
"ჩვენ გვაქვს გემა, რომელიც დეფიციტის 2013 წლისთვის 3%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. პრინციპში ამ გეგმასთან შედარებით ჩვენ უფრო სწრაფად მივდივართ და თუ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კიდევ უფრო გაიზარდა დეფიციტი 3%-მდე არა 2013 წელს, არამედ 2012 წელს უკვე მიღწეული იქნება", - აცხადებს ბაინდურაშვილი.