ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი საჯარო მოსამსახურეებისათვის და პედაგოგებისათვის ხელფასების დაგვიანების ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ განცხადება პაპუნა პეტრიაშვილმა დღეს პარლამენტში უფრაქციო დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტი იქნა განხილული.
აღნიშნული საკითხი კი შეხვედრაზე უფრაქციო დეპუტატმა პეტრე მამრაძემ დასვა. მან მთავრობისგან მოითხოვა პასუხი კითხვაზე, თუ ლარის ინფლაციის პირობებში ბიუჯეტის აღნიშნული პარამეტრით გარზრდა რამდენად არის გამართლებული. მით უმეტეს, რომ მისი თქმით, ხაზინა არის ცარიელი და საჯარო მოსამსახურესა დაპედაგოგებს ხელფასებს ვერ ურიგებენ.
"ასეთი პრეცენდენტი ამ წლების განმავლობაში პირველია და თუკი ბიუჯეტი იზრდება მაინტერესებს ხაზინა რატომ არის ცარიელი და რა კავშირშია ბიუჯეტის ზრდა ლარის კურსის დაცემასთან", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კი კატეგორიულად უარყო ხელფასების დაგვიანების ფაქტი და აღნიშნა, რომ მისთვის ასეთი ფაქტი უცნობია და მამრაძეს თხოვა კონკრეტული ინფორმაციის წარდგენა, რათა საქმეში უკეთესად შეძლოს გარკვევა.
"ხაზინაში არის ფული და საერთოდ არაფერი მსმენია იმაზე თუ ხელფასების გაცემა გვიანდება. თუ მეტყვით კონკრეტულად სად გვიანდება ხელფასების გაცემა, პირობას გაძლევთ რომ გავარკვევ", - განაცხადა პაპუნა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება ლარის კურსის დაცემის კავშირს ბიუჯეტის გაზრდასთან, პოეტრიაშვილი ამას კატეგორიულად უარყოფს და აცახდებს, რომ ბიუჯეტის გაზრდის პროექტი მანამდე იყო მომზადებული, ვიდრე ლარის კურსის მერყეობა დაიწყებოდა.