დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" -ში გაიმართა სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.
ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან ჭურაძის განცხადებით, ცენტრის მთავარი ფუნქციები იქნება სახელმწიფო შიდა კონტროლი, რაც ევროკავშირის მოთხოვნაა. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებში არსებული ყოფილი გენერალური ინსპექციები შიდა აუდიტის სამსახურებად ჩამოყალიბდებიან და ფინანსური აუდიტის გარდა, მათი პრიორიტეტი იქნება: რამდენად ეფექტურად იღებს მენეჯმენტი სამინისტროებში გადაწყვეტილებებს, ეფექტურად ხდება თუ არა მათი აღსრულება და რამდენად გამჭვირვალეა სამინიტროებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა.
აუდიტები შეიქმნება სამინისტროებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებში, დაწესებულებებში, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირები არიან. გარდა ამისა, შიდა აუდიტის სამსახურები შეიქმნება ნებისმიერ ორგანოში, სადაც მიიჩნევენ, რომ მისი ფინანსური მართვა და კონტროლი უნდა იყოს გამჭვირვალე.
სამინისტროებში შიდა აუდიტის სამსახურები უნდა ჩამოყალიბდეს მიმდინარე წლის 26 ივლისამდე და ისინი ანგარიშვალდებულები იქნებიან სამინისტროების წინაშე. შემდეგ ანგარიში წარედგინება სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც.
ცენტრი მოამზადებს სტანდარტებს და მეთოდოლოგიას, რომელთა მიხედვითაც აუდიტის სამსახურები იმუშავებენ. შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი ანგარიშვალდებული იქნება ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის წინაშე და მათ კვარტალში ერთხელ წარუდეგნს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს.
სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა მიმდინარე წლის 1 მაისს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 აპრილის 215-ე ბრძანებულების საფუძველზე.