შავ ზღვაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საქართველო პირველ ეტაპზე 20 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილმე პაპუნა პეტრიაშვილმა დღეს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
ბიუჯეტი ამჯერად 215 მილიონი ლარით იზრდება. თანხა გადანაწილებულია სხვადასხვა სფეროზე და პაპუნა პეტრიაშვილის გამარტებით, ამ თანხიდან 20 მილიონი გამოიყოფა პირველი ტრანშის სახით შავ ზღვაზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის.
ეს ხაზი დააკავშირებს თურქეთისა და საქართველოს ელექტროსისტემებს და პროექტის მშენებლობაში საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. პროექტი მთლიანად ჯდება 300 მილიონი დოლარი. აქედან საქართველოს ხელისუფლების წილს შეადგენს 40 მილიონი. ამ 40 მილიონიდან პირველი ტრანშის გადარიცხვა კი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის დამტკიცების შემდეგ მოხდება. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტი ამჟამად პარლამენტის კომიტეტში იხილება და დამტკიცება 19 ივნისის სესიაზეა დაგეგმილი.