ყოველ წელს, როცა თებერვალი დგება და ხეში წყალი დგება, ეს ნიშნავს, რომ ბერლინალეს დრო მოვიდა. დღეს, 11 თებერვალს სტარტს იღებს ბერლინის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მწყემსმთავარი ანუ ჟიურის თავმჯდომარე წელს მერილ სტრიპი იქნება. 15 საკონკურსო ფილმიდან რამდენიმე უკვე ყურადღების ცენტშია, გამარჯვებულებს კი „ბერლინალე პალასტის“ დარბაზში 21 თებერვალს დაასახელებენ. რადგან საშიშად ნაცნობი გვარ-სახელები და რეკლამა თავის ბინძურ საქმეს მაინც აკეთებს. ისევ ნაცნობი კინემატოგრაფიული სახელებით დავიწყოთ.
კინოფესტივალი ეთან და ჯოელ კოენების ახალი ფილმით - „გაუმარჯოს კეისარს“ - იხსნება, რაც ლამის იდეალური ვარიანტია ფესტივალზე მოსულთა მორჯულება-რელაქსაციისათვის. მაშ ასე, ჯორჯ კლუნი, სკარლეტ იოჰანსონი, ჯოშ ბროლინი, რალფ ფაინსი, ტილდა სვინტონი... მოკლედ ჰოლივუდის გვარიანი დესანტია. თან წითელ ხალიჩაზედ რომ გამწკრივდება მთელი ეს წარმავალ-მომავალი სილამაზე, მერე ნახეთ ფანების გულის წასვლები.
კოენების ფილმი ეს არის მსუყე ფერებითა და არანაკლებ მსუყე ირონიით ნაამბობი იგავი 50-იანი წლების ჰოლივუდზე. თქვენ ნახავთ მდიდარ და ბრწყინვალე ქმრებს, კაშკაშად მოელვარე კინოვარსკვლავებს, გულაცრუებულ და მელანქოლიურ ცოლებს და ცხადია, სიბინძურის წვენში მსუბუქად ნახარშ ტაბლოიდებსაც...
ერთ არამშვენიერ საღამოს მოულოდნელად უჩინარდება კინოვარსკვლავი, რომელიც ფილმში „გაუმარჯოს კეისარს“ მთავარ როლს ასრულებდა. და იწყება დიდი მარჩიელობა - გალოთდა? საყვარელთან გაიქცა? კომუნისტებმა მოიტაცეს? და იმიჯი... მოკლედ, რა დაემართება ჯორჯ კლუნის, ყველას აინტერესებს.
საკონკურსო პროგრამაშია უკვე რეჟისორად ქცეული მსახიობის, მაიკლ გრენდაჯის ფილმი „გენიოსი“, რომელშიც არანაკლები ხარისხის ვარსკვლავთცვენაა: გაი პირსი, დომინიკ უესტი და კოლინ ფერტი. ისინი საკმაოდ მძიმეწონიან ხალხს თამაშობენ: სკოტ ფიცჯერალდს, ერნესტ ჰემინგუეის, ტომას ვულფსა და გამომცემელ მარკ პერკინსს.
რადგან მსახიობები უკვე სერიოზულად მიადგნენ რეჟისურას, ის დროა ფრანგი მსახიობის, ვენსან პერესის საკონკურსო პროგრამაში მონაწილე ფილმის შესახებ მოგითხროთ. ჰანს ფალადას რომანის ეკრანიზაცია მსუბუქი სულაც არ არის, თუმცა მძიმე ბერლინური ისტორია (მოქმედება 1940 წელს ხდება, როცა მეორე მსოფლიო ომი უკვე გაჩაღებულია) მაინც ფრანგული ელეგანტურობით გამოირჩევა. მთავარ როლებში: ბრენდან გლისონი, ემა ტომპსონი და დანიელ ბრიული.
კრიტიკოსები ასევე დიდი ინტერესით ელიან სპაიკ ლის ფილმს „ჩირაკი“, რომელიც არისტოფანეს „ლისისტრატეს“ თანამედროვე და აგრესიული ინტერპრეტაციაა; ტომას ვიტენბერგის „კომუნას“, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლების დასავლური სოციალიზმს საერთო საცხოვრებელის კონტექსტში განიხილავს.
დაბოლოს, ფესტივალის სენსაცია, ყველზე უკომპრომისო და რადიკალური ფილმი „მწუხარე საიდუმლოს იავნანა“, რომელიც ფილიპინელმა რეჟისორმა ლავ დიასმა გადაიღო და რომელიც 8 საათი და 30 წუთი გრძელდება!! როგორც წერენ, ამ ფილმის ჩვენება შესვენებით იქნება... მერე თუ ცოცხალი ვინმე დარჩება ალბათ, დაწერს კიდეც - მწუხარე ბერლინური დათვების იავნანას.