ქ. პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში, მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის მე-11 სესია. სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად, განხილული იყო საქართველოს მიერ წარდგენილი მოთხოვნა „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.
კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი ძეგლი აკმაყოფილებს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ სამივე პირობას:
- ძეგლი წარმოადგენს უდიდეს მნიშვნელობას კაცობრიობისთვის (აღსანიშნავია, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი);
- ძეგლი დაცულია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ზომებით, რაც აღიარებს მის ისტორიულ მნიშვნელობას და უზრუნველყოფს ძეგლის განსაკუთრებულ დაცულობას;
- ძეგლი არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის ან სამხედრო ობიექტების ფარად.
შესაბამისად, კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ „გაძლიერებული დაცვის“ ქვეშ მყოფ ძეგლს იცავს იმუნიტეტი, რომლის ხელყოფაც „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ჰააგის 1954 წლის კონვენციის მე-2 ოქმის თანახმად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ამასთანავე, საქართველო, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის წევრი 2013 წლიდან, ხელახლა იქნა არჩეული კომიტეტის თანათავმჯდომარე ქვეყნად.
კომიტეტის სესიის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, მთავრობის ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები.