დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარასკევს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ისრაელის მიერ კატარის დედაქალაქ დოჰაში “ჰამასის” ლიდერებზე თავდასხმის საპასუხოდ.
ლონდონმა, პარიზმა და ბერლინმა დაგმეს ისრაელის მიერ დოჰაზე 9 სექტემბერს განხორციელებული დარტყმები და მომხდარი „კატარის სუვერენიტეტის დარღვევად და რეგიონში კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის რისკის შექმნად“ შეაფასეს.
მათ დასძინეს, რომ დარტყმა ძირს უთხრის ცეცხლის შეწყვეტის და „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობას და ყურადღებას ამახვილებს ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციიდან.
„ჩვენ სასწრაფოდ მოვითხოვთ ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ქალაქ ღაზაში, რაც იწვევს მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას, მსხვერპლს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს „ჰამასის“ მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულები, „რომელმაც დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს მის მიერ დაკავებული მძევლები, განიარაღდეს და სამუდამოდ ჩამოშორდეს ღაზის სექტორის მმართველობას“.
9 სექტემბერს, ისრაელის არმიამ კატარის დედაქალაქ დოჰაში პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არის „ჰამასის“ მთავარი მომლაპარაკებელი ხალილ ალ-ჰაია.