პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ, ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე თავის ჯარებს გააძლიერებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთ ევროპელი წევრების დასაცავად ახალ ინიციატივას იწყებს მას შემდეგ, რაც რუსეთმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების მეთაურ, ალექსუს გრინკევიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო უახლოეს დღეებში განათავსებს „აღმოსავლეთის ცენტრის“ (Eastern Sentry) მისიას ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გასაძლიერებლად, რადგან რუსეთი სულ უფრო მეტად ერთვება უგუნურ საჰაერო ქმედებებში.
„უგუნური ქმედება, რომელიც რუსეთისგან დავინახეთ, ძალიან სახიფათოა. ჩვენს მიერ ოთხშაბათის ინციდენტების შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება. და მიუხედავად იმისა, რუსეთის ქმედებები განზრახ იყო თუ არა, რუსეთმა ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვია. შესაბამისად, ჩვენ - როგორც ნატომ - ნათელი უნდა გავხადოთ ჩვენი სიმტკიცე და შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი ტერიტორია. და Eastern Sentry ამისთვის არის შექმნილი”, - განაცხადა რუტემ.
მისიაში მონაწილეობას მიიღებენ მოკავშირეთა სხვადასხვა ძალები, მათ შორის დანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და გერმანია.
რუტემ განმარტა, რომ „ტრადიციული სამხედრო შესაძლებლობების“ გარდა, ზომები „მოიცავს ელემენტებს, რომლებიც სპეციალურად შექმნილია დრონების გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული გამოწვევების მოსაგვარებლად“.