საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა Redaktionsnetzwerk Deutschland -თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მიერ შესაძლო ტერიტორიულ დათმობებზე საუბარიც კი, რუსეთის ხაფანგში გაბმას ნიშნავს.
მან კომენტარი გააკეთა გერმანიაში ჩატარებულ გამოკითხვებზე, რომლებმაც აჩვენა, რომ გერმანელების უმრავლესობა მშვიდობის მიზნით უკრაინისთვის ტერიტორიული დათმობების მომხრეა.
კალასის თქმით, მოლაპარაკების წარმოების რუსული კლასიკური ტაქტიკა სამი ეტაპისგან შედგება: პირველი, მოსკოვი მოითხოვს იმას, რაც არასდროს ჰქონია, შემდეგ მოჰყვება ულტიმატუმები და ძალის გამოყენების მუქარა და ბოლოს, დასავლეთში ხმები მობილიზდება, რათა რუსეთს შესთავაზონ ზუსტად ის, რაც მას აქამდე არასდროს ჰქონია.
„საბოლოო ჯამში, რუსები იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ოდესმე ოცნებობდნენ. შესაძლო ტერიტორიული დათმობების შესახებ ეს განხილვა ხაფანგია და ჩვენ არ უნდა გავებათ.
რუსებს სურთ, რომ განვიხილოთ, რაზე უნდა თქვას უკრაინამ უარი მშვიდობისთვის, ამავდროულად სრულიად უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ თავად კრემლი ჯერ არ წასულა რაიმე დათმობაზე,“ - განაცხადა მან.
დიპლომატის თქმით, კრემლი ახლა ამ შეთანხმებას კომპრომისად ყიდის, თუ „მხოლოდ“ შეინარჩუნებს უკვე დაპყრობილ ტერიტორიებს.
„მაგრამ ეს ნამდვილად არ არის კომპრომისი, თუ ადრე წაყენებული მოთხოვნები აბსოლუტურად გადაჭარბებული იყო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩვენ არ უნდა გავებათ პუტინის ხაფანგში. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ეს ომი პუტინისთვის მომგებიანი არ იყოს“, - აღნიშნა კალასმა.