„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა რუსეთისა და მისგან ნავთობის შემსყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების საკითხი განიხილეს.
Reuters -ის ცნობით, მინისტრებმა განიხილეს „რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად შესაძლო ეკონომიკური ზომების ფართო სპექტრი“.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა თავის კოლეგებს განუცხადა, რომ ისინი აშშ-ს უნდა შეუერთდნენ მეორადი სანქციების დაწესებაში, კერძოდ, უფრო მაღალი ტარიფების დაწესებაში იმ ქვეყნებისთვის, „რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის საომარ ძალისხმევას“.
„მხოლოდ ძალების გაერთიანებით და პუტინის საომარი მანქანის დაფინანსების სრულად შეწყვეტით შეგვიძლია საკმარისი ეკონომიკური ზეწოლის განხორციელება უაზრო მკვლელობის დასასრულებლად“, - ნათქვამია ბესენტისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ჯემისონ გრირის ერთობლივ განცხადებაში.
ასევე შეხვედრაზე „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები შეთანხმდნენ დააჩქარონ მოლაპარაკებები უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად რუსული გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებითი 25%-იანი ტარიფი დააწესა, რათა ინდოეთი აიძულოს რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ. ამით ინდოეთიდან შემოტანილ საქონელზე ტარიფის საერთო ჯამი 50%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, Reuters-ის ცნობით, ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტზე დამატებითი გადასახადები არ დააწესა.