ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი,- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები, თითქოს ელექტროენერგიაზე ფასები გაიზრდება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ენერგეტიკის სამინისტროში მიმდინარე დათვლების მიხედვით, ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი.
„ჩვენ ხშირად ვისმენთ განცხადებებს, თითქოს ელექტროენერგიაზე მოხდება ფასების ზრდა. ეს არის მარეგულირებელი კომისიის, სემეკ-ის პრეროგატივა, თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენც, ენერგეტიკის სამინისტროში ვაკეთებთ დათვლებს. შემიძლია, დღევანდელი გადმოსახედიდან გითხრათ, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი“, -განაცხადა კახი კალაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, თუ მომავალი წლების განმავლობაში იქნება ელექტროენერგიაზე ტარიფის გადახედვის საჭიროება, ეს აუცილებლად მოხდება.
,,ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კომპანიები გაკოტრდნენ, ენერგეტიკა დაინგრეს. გახსოვთ გასულ წელს ჩემი განცხადებები. ბევრი საუბარი იყო, რომ ტარიფი არ გაგვეზარდა, მაგრამ ეს იქნებოდა დიდი პრობლემა მთლიანად ენერგეტიკის სექტორისთვის. მარეგულირებელმა კომისიამ იმუშავა და 30%-ით მოხდა ტარიფის მატება ელექტროენერგიაზე, ანუ დაუბრუნდა იმ ძველ ნიშნულს, რაც 2012 წლამდე იყო", - განაცხადა კალაძემ.