შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროც უერთდება.
მრავალი წელია, უწყება ცდილობს, ხელი შეუწყოს შშმ პირთა ინტეგრაციას საზოგადოებაში, საშუალებას აძლევს მათ, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საჯარო უწყებებს შორის - ჩვენთან, სხვადასხვა პოზიციაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 პირი მუშაობს, მათ შორისაა, ლადო ურდულაშვილიც. ლადო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მე-5 წელია მუშაობს.
2014 წელს, ხმოვანი სინთეზატორის შექმნის გამო, მას ღირსების ორდენიც გადაეცა. ხმოვანი ძრავის საშუალებით, შესაძლებელია ვებგვერდის გახმოვანება, რათა უსინათლოებმა შეძლონ ინფორმაციის მიღება. სწორედ ლადოსა და მისი მეგობრის დამსახურებაა ის, რომ დღესდღეობით, უსინათლო ადამიანებს აღარ ექმნებათ ბარიერი ციფრული ინფორმაციის მიღების პროცესში.
როგორც თავად ლადო ურდულაშვილი ამბობს, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, უბრალოდ, ყველამ უნდა მისცეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შანსი, რომ გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და რესურსი. ფინანსთა სამინისტრო შშმ პირებთან ერთად ქმნის თანასწორ გარემოს საზოგადოების თითოეული წევრისთვის!