2010 წლის ბიუჯეტი 215 მილიონით იზრდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიუჯეტში ცვლილების შეტანის პროექტი მთავრობამ პარლამენტს განსახილველად დღეს წარუდგინა, რომლის განხილვის გრაფიკიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
ბიუროზე მიღებულის გადაწვეტილების თანახმად, 2010 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტს კანონმდებლები 18 ივნისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ, მანამდე კი კანონპროექტს კომიტეტების დონეზე განიხილავენ. შენიშვნები მთავრობას გადაეგზავნება, რომელიც პარლამენტს სესიაზე გადამუშავებულ ვარიანტს წარუდგენს.
რაც შეეხება ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლის საკითხს, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, ბიუჯეტი 215 მლნ ლარით გაიზრდება, რაც საბოლოო ჯამში 6 მილიარდ 974 მილიონ ლარს შეადგენს.
მისი განმარტებით, 215 მილიონიდან 150 მილიონი საგადასახადო შემოსავლების გაზრდას უკავშირდება, ხოლო თავად ბიუჯეტის გაზრდა კი ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ გამოიწვია.
2010 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას მშპ გათვალისწინებული იყო 2,5 % და აღნიშნული პარამეტრიც 4 %-მდე იზრდება.
რაც შეეხება დამატებული თანხის გადანაწილებას, ის დევნილების პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. მათ შორის დევნილების კომუნალური გადასახადების დაფარვას და ბინათმშენებლობას. ასევე თანხები გადანაწილდება პენიტენციალურ სისტემაში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის, სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად და რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისათვის.