ქართული სუპერმარკეტების ქსელი "ჯი.მარტი" დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
პრეზენტაცია სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" შედგა, სადაც ქსელის ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაიხსნა. მარკეტი სავაჭრო-ცენტრის პირველ სართულზეა განთავსებული და იგი კომპანიის მენეჯმენტთან ერთად, ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.
"ჯი.მარტი" ქართული კაპიტალით შექმნილი ქსელია. მხოლოდ ორი სუპერმარკეტის შექმნაში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ისინი "ქარვასლაში" და "თბილისი ცენტრალში" განთავსდა. თითოეული მათგანი 2500 კვ/მ ფართს მოიცავს და მომხმარებელს 30 000 დასახელების პროდუქტს სთავაზობს, მათ შორის საკუთარი წარმოების მზა საჭმელს, პურ-ფუნთუშეულს, საკონდიტრო ნაწარმს. ორივე ობიექტს წარმოების ხაზი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აქვს, რაც ყოვედღიურად ქსელში ახალი პროდუქტების რეალიზაციას უზრუნველყოფს.
"ჯი.მარტი" იკავებს ახალ ნიშას და დღეიდან საქართველოში ნამდვილი სუპერმარკეტების ამუშავებას გულისხმობს. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამ სტანდარტით იმუშავებს და მომხმარებელს მაქსიმალურად გაუადვილებს მისთვის საჭირო პროდუქტების შეძენის პროცესს. გვაქვს საკუთარი წარმოება, იმპორტი, კორპორატიული კლიენტების მომსახურების სერვისი", - განაცხადა "ჯი.მარტის" დირექტორმა ეკატერინე ჩხაბერიძემ.
მისი თქმით, ქსელის გაფართოების სტრატეგია წლის ბოლომდე კიდევ 2 სუპერმარკეტის გახსნას გულისმობს, რაშიც ასევე 5 მლნ დოლარი ჩაიდება. ინვესტიცია უახლესი ტექნოლოგიით აჭღურვილ საწარმოებს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, თანამედროვე ტიპის პროგრამირებას და შენახვისა და ვარგისიანობის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიის დანერგვას მოხმარდება.