ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტები ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.
დავით სერგეენკოს თქმით, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდეცია, რომ რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას, მათ შორის ისეთი მედიკამენტების, რომელიც არის ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფში შეტანილი, რომელთა ურეცეპტოდ გაცემაც არ შეიძლება.
,,მოვამზადეთ ჩვენ წინასწარი დოკუმენტი, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ ასოციაციებთან და უახლოეს მთავრობის სხდომაზე ეს რეგულაცია იქნება განხილვის საგანი. ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილებები. არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გაიცეს მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ. რიგ შემთხვევაში ეს დაცული არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არის. ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციების საკითხის განსახილველად ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა.