სადაზღვევო „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და საქართველოს რკინიგზას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. მის ფარგლებში შვეიცარული ფირმა "შტადლერის" მიერ დამზადებული მატარებლები „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დააზღვია. მატარებლების გარდა ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრ კომპანიაში დაზღვეულია რკინიგზის პასუხისმგებლობა მგზავრების და მესამე პირების მიმართ. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში, როცა რკინიგზის მგზავრების უსაფრთხო მგზავრობა დაზღვეულია.
დაზღვევის პირობების შესაბამისად, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალი. მატარებლების დაზღვევის სადაზღვევო ლიმიტი 52 მილიონ დოლარს შეადგენს.
ახალმა ორსართულიანმა მატარებელმა თბილისი-ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა.