"სამართლიანი არჩევნები" და "დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2016 წლის 8 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, ორგანიზაციის დაკვირვებით საარჩევნო პერიოდში გამოვლინდა: პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 2, სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3, ძალადობის 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ორი ფაქტი.
შუალედური ანგარიში 1-დან 18 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, ძირითადად საარჩევნო პერიოდი მშვიდ გარემოში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები საარჩევნო სუბიექტების მიერ საქართველოს მასშტაბით გამართულ 52 შეხვედრას დაესწრნენ. ანგარიშში წარმოდგენილია შეხვედრებზე პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებები. "სამართლიანი არჩევნები", მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციით მიმართავს,- აღკვეთონ ამომრჩევლისთვის ფულის, საჩუქრების, მომსახურების გადაცემა, დაპირება ან დაინტერესება კანდიდატების, წარმომადგენლების ან მათთან კავშირში მყოფი იურიდიული პირების მიერ; წინასაარჩევნო დაპირება უნდა იყოს საარჩევნო პროგრამაზე მორგებული და ჩანდეს ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროს შესახებ; ასევე, დაპირებათა შესახებ საარჩევნო სუბიექტებმა პრეზენტაციისას შეარჩიონ ისეთი ფორმა, რომელიც ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას არ გამოიწვევს და არ შექმნის მათი მოსყიდვის განცდას.
მიხეილ ბენიძის განცხადებით, გასულ, წინასაარჩევნო პერიოდებში დარღვევები ბევრად მეტი იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ახლა დაფიქსირებულ დარღვევებზეც მოხდეს შესაბამისი რეაგირება. ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისთვის" დაკვირვებას 68 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებს.