რუსეთი აუცილებლობად არ მიიჩნევს ამ ეტაპზე უპასუხოს ზომებით საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება ყირიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთების შესახებ "მხოლოდ მწუხარებას იწვევს", თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ნახევარკუნძულის საქმიანობაზე ზეგავლენა არ აქვს.
"ეს, უპირველეს ყოვლისა, პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებით, აჩვენოს თავისი ერთობა დასავლეთთან, რომელიც ამ სანქციების ინიციატორია", - განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.
მისი თქმით, დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტი საქართველოს ევროკავშირის სანქციებთან შეერთებასთან დაკავშირებით რამე განცხადების მიღებას არ აპირებს, რადგან "საჭიროა ნაბიჯები, რომლებიც ურთიერთობებს აუმჯობესებს და არ აუარესებს".
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმენა უკეთესი საფუძველი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მათ შორის პარლამენტთაშორისი კონტაქტებისთვის, რომლებიც პრაქტიკულად გაყინული აღმოჩნდა.
"ბოლო დროს საერთაშორისო პლატფორმებზე ქართველ დეპუტატებთან ურთიერთობებისას შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განახლების გარკვეული პოტენციალი არსებობს, რუსეთი ამისთვის მზად არის", - აღნიშნა დეპუტატმა.