საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლევან ბოძაშვილი მაღალი კვალიფიკაციისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე კანდიდატია.
„ამ დრომდე ლევან ბოძაშვილი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. მანამდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის სამართლებრივი მრჩეველი. მუშაობდა, გაერო-სა და ეუთო-ში, ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში. იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრი. რაც მთავარია, მას აქვს სუფთა წარსული, რაც აუცილებელია მოსამართლისთვის. პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ სასამართლო სისტემა საჭიროებს ძირეულ და ფართომასშტაბიან ცვლილებებს. მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება მოსამართლეების გარეშე“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.