საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად „ქართული ოცნების“ დეპუტატები გამოიყენებდნენ, - ამის შესახებ „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ დღეს სასტუმრო „რუმსში“ თანამდებობის პირების/საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებისა და მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე პრეზენტაციისას ისაუბრეს.
ღონისძიებას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
კვლევა მოიცავს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში 2014-2016 წლებში სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკის მიმოხილვას, საჯარო უწყებებში სიძულვილის ენის გამოყენების შემზღუდავი შიდასამართლებრივი აქტების ანალიზს. ასევე, ორგანიზაცია სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს სიძულვილის ენის აღმოფხვრისაკენ მიმართული თვითრეგულების მექანიზმებს.
„საჯარო მოხელეებისთვის ეთიკის კოდექსში უნდა იყო გათვალისწინებული სიძულვილის ენის გამოყენება როგორც დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში“ შევიდეს. პოლიტიკურ პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ მათ ვთავაზობთ, თავიანთ წესდებებში პარტიის წევრებისათვის გაითვალისწინონ სიძულვილის ენის ამკრძალავი ნორმები“, - განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს, ითანამშრომლონ მათთან და ერთობლივად მოამზადონ მემორანდუმი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში პოლიტიკური პარტიები მოაწერენ ხელს. აღნიშნული მემორანდუმით პარტიები პასუხისმგებლობას და ვალდებულებას აიღებენ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენა არ გამოიყენონ.