ხვალ, 27 მაისს, შიდა ქართლის 10 სოფელს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემა.
დონაციას მიიღებს კონფლიქტისპირა რეგიონის 10 სოფელი: ახალუბანი, ჯარიაშენი, კვარხეთი, ფლავი, ფხვენისი, ბერშუეთი, ერგნეთი, ხურვალეთი, ქვეში და ქვემო ხვითი. ფერმერებს ტრაქტორები, სათიბები, გუთანი, და მსგავსი ტიპის ტექნიკა გადაეცემათ, რომლის საერთო ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.
ტექნიკის გადაცემის ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ცერემონიაში პროექტის პარტნიორი კომპანიების ხელმძღვანელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტის _ "კონფლიქტისპირა არეალში სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება (ERLA)" _ განხორციელება იანვარში დაიწყო. მისი მიზანი მიმდებარე რეგიონის 20 სოფელში მცხოვრები 280 ოჯახის სოფლის მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებაა.
პროექტს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აფინანსებს და მისი მთლიანი ბიუჯეტი 1, 030, 000 ლარია.