თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მე-14 რაიონული ფილიალის გახსნას ცენტრის დირექტორ გიორგი ბუთხუზთან ერთად დაესწრო. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი რაიონული სამსახური ვარკეთილი-3-ის მეოთხე მიკრორაიონისა და თბილისის ზღვასთან მდებარე „ჰუალინგის“ ცენტრს შორის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. ფილიალის გახსნას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე.
თბილისის მერის თქმით, ახალი რაიონული ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია აღნიშნულ უბანში მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით. „გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქის ეს უბანი იზრდება და ფართოვდება, მოსახლეობის რაოდენობა კი ყოველდღიურად მატულობს, მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ახალი ფილიალი, რათა უბანი სრულად მოგვეცვა. ახალი ფილიალი მოგვცემს შესაძლებლობას, სამედიცინო დახმარების ბრიგადები უფრო ოპერატიულად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე და ინტენსიურად მოემსახურონ სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ახალ რაიონულ სამსახურს ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ეყოლება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი ფილიალის ბრიგადები ვარკეთილის მეურნეობისა და „ჰუალინგის“ რაიონების მოსახლეობას სრულად, ასევე, ვარკეთილისა და ვაზისუბნის დასახლებების ნაწილს მოემსახურებიან.