„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანის ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ დაკავებული მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, შესაბამისად, შესაძლებელია მასტან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
ადვოკატის შეფასებით, ბრალდებულის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.
„ქალბატონმა მაიამ თვითონ განაცხადა, რომ ფინანსებთან არანაირი წვდომა სხვა პირს არ ჰქონია, არც მათ შორის სალომე ჩარკვიანს და ყველა დოკუმენტზე ხელმოწერა ხდებოდა სწორედ ქალბატონი მაიას მითითებით. რჩეულიშვილმა დააფიქსირა, რომ სალომე წარმოადგენდა პრაქტიკულად გაყიდვების მენეჯერს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არანაირი საფუძველი მის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებისა არ არსებობდა. რადგან ჯერ ერთი ედავებიან 10 წლის წინანდელ საქმეს და გადაწყვეტილება, რომ თურმე დღესაც არსებობს რისკი დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელების შესახებ პრაქტიკულად ნულის ტოლია. რადგან 2006 წლიდან სამშენებლო კომპანიებთან არანაირი შეხება სალომე ჩარკვიანს არ ჰქონია, ის არის ექიმი და თავისი პროფესიით მუშაობდა, არის სამი შვილის დედა, მათ შორის ორი მცირეწლოვანია”, - განაცხადა ადვოკატმა.