,,ნაციონალური მოძრაობა“ უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, „რუსთავი 2“-ის სარჩელი წარმოებაში მიიღოს. „რუსთავი 2“-ის საქმეთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია პარტიის წევრებმა - ელენე ხოშტარიამ და სერგო რატიანმა გამართეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ასევე, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართეს.
„ბიძინა ივანიშვილი ყველაფრის ფასად ცდილობს, რომ ჩაახშოს კრიტიკული აზრი და ხელში ჩაიგდოს „რუსთავი 2“. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, არის შიში იმისა, რომ თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ისინი ვერ შეძლებენ, შეინარჩუნონ ხელისუფლება და ამის გამო მიდიან ყველაფერზე. მას შემდეგ, რაც სასამართლოს ორმა ინსტანციამ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევით მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, დღეს საქმე უკვე დგას უზენაესი სასამართლოს წინაშე. ჩვენ გვინდა, ძალიან კარგად ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, რომ თუ ისინიც შეასრულებენ პოლიტიკურ დაკვეთას და მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებას, ეს იქნება წერტილი ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი თავისუფალი მომავლისთვის და წერტილი მშვიდობიანი არჩევნებისთვის, რაზეც ისინი სრულად ატარებენ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თავის მხრივ, სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე იმთავითვე დაუკავშირდა დამოუკიდებელი სასამართლოს პრობლემას.
„მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს, მიიღოს სარჩელი, იხელმძღვანელოს სამართლიანობის პრინციპით და ამით გადაარჩინოს არამხოლოდ თავისუფალი მედიაგარემო, არამედ სასამართლოს შელახული რეპუტაცია; მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ხელი აიღოს როგორც მედიაგარემოს განადგურებაზე, ასევე, სასამართლოს დაქვემდებარებაზე. მედიის და სასამართლოს დაქვემდებარება ვერ შეაჩერებს ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების პროცესს“, - განაცხადა რატიანმა.
შპს „ტელეკომპანია საქართველომ“, გიორგი და ლევან ყარამანიშვილებმა უზენაეს სასამართლოში განსახილველად საკასაციო საჩივარი შეიტანეს. „რუსთავი 2“-ის ადვოკატების აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.