ეროვნული ბანკი წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში კერძო კაპიტალის შემოდინების ზრდას ელოდება.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ინფორმაციით, მიმიდნარე წლის მარტისა და აპრილის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტის მოცულობა, რაც სესხების ზრდისა და ზოგადად ეკონომიკური აქტივობის ზრდის შედეგია.
ზრდის დინამიკა დაფიქსირდა ექსპორტის თვალსაზრისითაც. წინასწარი მონაცემებით, პირველი ოთხი თვის განმავლობაში ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდება ვიდრე იმპორტი, თუმცა, აბსოლუტურ გამოხატულებაში, სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ბოლო ორი თვის განმავლობაში გაიზარდა.
როგორც კომიტეტში განმარტავენ, წლის დასაწყისიდან ექსპორტის ზრდა ძირითადად მსხვილ საექსპორტო საქონელზე ფასების ზრდით იყო გამოწვეული.
"მარტთან შედარებით, აპრილში ქვეყანაში სწრაფი ფულადი გზავნილებით შემოდინებები შემცირდა, თუმცა, წლიური ზრდის ტემპი კვლავ მაღალია და 20 პროცენტს აღემატება. სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევრიდან კერძო კაპიტალის შემოდინება გაიზრდება", - აღნიშნულია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განცხადებაში.