ვანის რაიონის სოფელ ტობანიერმა ბუნებრივი გაზი მიიღო.
აღნიშნული სოფლის გაზიფიცირების მიზნით, კომპანია "იტერა - საქართველო"-ს ჩატარებულ სამუშაოებს დღეს ადგილზე ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური გაეცნო.
სოფელ ტობანიერის გაზიფიცირება "იტერა - საქართველომ" და შპს "ვანიგაზმა" სახელმწიფო პროგრამის "გაზი ყველა სოფელს" ფარგლებში განახორციელა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად ბუნებრივი გაზის მიღების საშუალება სოფლის 600 ოჯახს მიეცემა.
ამჟამად, "ვანიგაზი" ბუნებრივი გაზით ქალაქ ვანს და მის მიმდებარე 11 სოფლის მოსახლეობას, სულ 2 750 აბონენტს ამარაგებს.
"იტერა - საქართველო" და შპს "ვანიგაზი" ვანის რაიონის გაზიფიცირების პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს კვლავ გააგრძელებენ. ამ ეტაპზე, საშუალო წნევის გაზსადენის მშენებლობა სოფლებში, სულორში და ზედა ვანში მიმდინარეობს, რის შედეგადაც კიდევ 210 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ გაზს.